პროკურორის განცხადებით, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზისთვის სტაციონარში აღარ გადაიყვანენ

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის პროკურორის, მედეა ცირამუას განმარტებით, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ამბულატორიული კვლევით დასრულდა და მას ექსპერტიზის მიზნით სტაციონარში აღარ გადაიყვანენ.
როგორც ცირამუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დათაშვილის პოზიციიდან და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თავად ბრალდების მხარემ მიმართა საექსპერტო დაწესებულებას, რომ ექსპერტიზა ამბულატორიულად ჩატარებულიყო.
„ბრალდებულის საუკეთესო ინტერესისა და იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ჩვენი მხრიდან დაზუსტდა, რომ ბრალდებულს ჩასტარებოდა ამბულატორიული ექსპერტიზა. პენიტენციურ დაწესებულებაში თავად გამოცხადდა ექსპერტი, შეხვდა, გაესაუბრა მას და ამით საექსპერტო კვლევა დასრულებულია – სხვა სახის, დამატებითი ექსპერტიზა ამ საქმეზე აღარ ჩატარდება“,- განაცხადა მედეა ცირამუამ.
მისივე თქმით, ექსპერტი პენიტენციურ დაწესებულებაში თავად შევიდა, შეხვდა ბრალდებულს, საექსპერტო კვლევა დაასრულა, „რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს წამებისკენ ან დასჯისკენ მიმართული ღონისძიება“.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტი და ამ დოკუმენტში მითითებული თანმხლები დაავადება, ბრალდების მხარის მხრიდან ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ადგილი არ ექნებოდა. ეს არ არის ვინმეს წამებისკენ მიმართული ან სადამსჯელო ღონისძიება. მით უფრო დღევანდელ დღეს გაჟღერდა ინფორმაცია სხდომაზე, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და ბრალდებულის საუკეთესო ინტერესების და მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, მოხდა დაზუსტება საექსპერტო დაწესებულებასთან მიმართებით. სპეციალური ცოდნის მქონე პირი, ექსპერტი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდა მას, გაესაუბრა და საექსპერტო კვლევა დაასრულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს არ ყოფილა ვინმეს წამებისკენ ან დასჯისკენ მიმართული ღონისძიება“,- განაცხადა მედეა ცირამუამ.
ცნობისთვის, დღეს პატიმრობაში მყოფი აქტივისტის ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ფსიქიატრიული დაწესებულების ნაცვლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა.
გაბოძის ინფორმაციით, დათაშვილთან „გუშინ, ჩუმად სამხარაულის ექსპერტები შეაპარეს, რათა ექსპერტიზაზე მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარიყო“.
ადვოკატის ცნობით, დათაშვილთან ექიმი ფსიქიატრი დავით მაღრაძე შევიდა.